მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » ქმრების ტიპოლოგია
1:49 PM
ქმრების ტიპოლოგია



ფსიქოლოგთა მტკიცებით, ადამიანები ქვეცნობიერად ირჩევენ ისეთ
პარტნიორებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერებათ. არ გესმით, თქვენმა
მეგობარმა რა საერთო იპოვა "ასეთ ტიპთან"? გვერწმუნეთ, ისინი
ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.


 ხშირად ცოლ-ქმარი სრულიადაც არ ჰგავს ერთმანეთს. მეტიც - ერთმანეთისგან
რადიკალურად განსხვავებული ქალი და მამაკაცი მეტწილად ჰარმონიულ და
ბედნიერ ოჯახს ქმნიან. მამაკაცი, ისევე როგორც ქალი, რამდენიმე ტიპისაა.

პატრიარქალური ტიპი
ასეთი
მამაკაცები პასუხისმგებლობას გრძნობენ ყველა ქალისა და ბავშვის მიმართ,
რომელიც კი ხვდება მათ თვალსაწიერში. ისინი ფინანსურად უზრუნველყოფენ
ოჯახს, არემონტებენ სახლსა თუ აგარაკს, წყვეტენ, სად გაატაროს ოჯახმა
არდადეგები და, ზოგადად, ბოლომდე ასრულებენ `ქმრისა და მამის მოვალეობებს~.
ასეთი მამაკაცები იშვიათად ტოვებენ ოჯახს - ტრადიციული ფასეულობები
მათთვის წმიდათაწმიდაა. ასეთი ქმრის გვერდით ქალი ყოველმხრივ დაცულად
გრძნობს თავს. მაგრამ ამ ტიპის მამაკაცები ცოლებისგანაც ბევრს ითხოვენ.
მათი გაგებით, ქალმა ოჯახში უნდა უზრუნველყოს სტერილური სისუფთავე,
მყუდროება, სადილად - პირველი, მეორე, მესამე, ბავშვები სრულ წესრიგში
ჰყავდეს, გაუთოებულ-გატკიცინებული პერანგები კი მუდამ მზად ჰქონდეს.
შესაძლოა, ქმარმა მუშაობა არ აუკრძალოს, მაგრამ სახლში იმდენი საქმე
ექნება, რომ საკუთარი კარიერისთვის, უბრალოდ, ვეღარ მოიცლის.
პატრიარქალური
ოჯახი ეფუძნება ოჯახის უფროსის ავტორიტეტს. მისი გადაწყვეტილება განხილვას
არ ექვემდებარება. ქალმა ჭკუა უნდა იხმაროს და თავისი სურვილები ისე
მიაწოდოს, რომ მეუღლემ ისინი საკუთარ აზრებად მიიჩნიოს. ასეთ შემთხვევაში
ოჯახურ ბედნიერებას წინ ვერაფერი დაუდგება.

მუყაითი
ასეთი
მამაკაცი ცხოვრობს სამსახურში, შრომობს დილიდან დაღამებამდე. მისი
მუყაითობა უმეტესად ღირსეულად ნაზღაურდება, ასე რომ, ოჯახს ფინანსური
პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, სხვა მხრივ კი ცოლ-შვილი მისთვის მეორე პლანზე
დგას, ამიტომ თუ გეტყვით, ყველაფერს თქვენთვის ვაკეთებო, ნუ დაუჯერებთ -
სინამდვილეში მისთვის საკუთარი თავის პროფესიულ ასპარეზზე რეალიზება უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე ოჯახში. მუყაითის მეუღლეს მოუწევს იმასთან შეგუება,
რომ ქმარი შინ დღე-ღამეში მხოლოდ 8 საათს ატარებს და აქედან 7 სძინავს,
როგორც კი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში დახმარებას სთხოვთ, შუბლს
იჭმუხნის. ასეთ კაცთან ცხოვრება იოლი არ არის, მაგრამ ისტერიკა და
ცრემლების ფრქვევა არ გიშველით. სცადეთ, მშვიდად აუხსნათ, როგორ გიჭირთ,
როგორ გაკლიათ იგი, თუმცა ვიდრე თქვენი სიტყვები შედეგს გამოიღებდეს,
შესაძლოა, ამ საკითხზე არაერთხელ მოგიწიოთ საუბარი.

უსაქმური
ასეთი
მამაკაცები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ... არაფერი აკეთონ. მათ აქვთ
არაჩვეულებრივი იდეები, იგონებენ ბრწყინვალე პროექტებს, იწყებენ დიად
საქმეებს, მაგრამ დაგეგმვის სტადიის იქით საქმე აღარ მიდის. რაც შეეხება
რეალურ სამსახურს, უსაქმურს ის ან საერთოდ არ გააჩნია, ან წამდაუწუმ
იცვლის.
უსაქმურის ერთ-ერთი ქვეტიპია უღიარებელი გენიოსი. ასეთი
მამაკაცი ირჩევს რაიმე საქმიანობას, მაგალითად, ლექსების წერას ან ხატვას,
და მთელ ცხოვრებას მას უძღვნის.
უსაქმური მწვავედ რეაგირებს სამეურნეო
საქმიანობაში მისი ჩართვის ყოველგვარ ცდაზე. ასე რომ, მისგან დახმარებას ნუ
ელით. უსაქმურის გადაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ თუ უპოვით ისეთ
სამუშაოს, სადაც ყველაფერი გამოუვა, შეიყვარებენ და დააფასებენ, -
შესაძლოა, ისიც შეიცვალოს.

მოსეირნე
ასეთ
მამაკაცს უამრავი გატაცება აქვს და უთვალავი მეგობარი ჰყავს. არც ქალების
ყურადღება აკლია. ის სიცილით მიჰყვება ცხოვრების დინებას, დიდხანს არსად
ჩერდება და არასოდეს ბუქსაობს. გამორიცხული არ არის, წარმატებას
მიაღწიოს, - მეტიც - ასეთ მამაკაცებს, როგორც წესი, უმართლებთ, - მაგრამ
საეჭვოა, შეირთოს ცოლი და თუნდაც შეირთოს, ცხოვრების ჩვეულ სტილს მაინც არ
უღალატებს - ის ხომ ვალდებულებას არაფრის და არავის წინაშე არ გრძნობს.
შეუძლია, პურის საყიდლად გავიდეს შინიდან და... სამი დღის შემდეგ
დაბრუნდეს. მათთვის ცხოვრების იდეალური თანამგზავრია ემანსიპირებული, ასევე
მდიდარი წარსულისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ქალი. თითოეული
მათგანი საკუთარ ორბიტაზე იმოძრავებს და ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან.

პატარა ბავშვი
ის
ჭკვიანია, კეთილი, ხალისით ასრულებს ყოველგვარ დავალებას და... ძალიან
უსუსურია. ცოლმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ქმარს არ ჩაეძინოს, აუცილებლად
ისაუზმოს, არაფერი დაკარგოს, ჩაიცვას სუფთა წინდები და თეთრეული. ასეთ
მამაკაცს თითოეულ ნაბიჯს მეუღლე კარნახობს. მის გარეშე კაცი ელემენტარულ
გადაწყვეტილებასაც კი არ იღებს.
თუ გსურთ, იგრძნოთ, რომ გვერდით
ნამდვილი მამაკაცი გიდგათ, იგრძნოთ მისი მზრუნველობა და თანადგომა, -
მიიღეთ ზომები. დაიწყეთ საკუთარი თავით. უარი თქვით წვრილმან საზრუნავზე,
სთხოვეთ ქმარს დახმარება. მართალია, თავიდან ბევრ შეცდომას დაუშვებს,
მაგრამ არა უშავს, თანდათან ყველაფერს ისწავლის.


                               
მიმაგრება:
კატეგორია: საუკეთესო რჩევები | ნანახია: 2787 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]