მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » მიყვარს, როცა მზე ჩემს ფანჯარაში იყურება დილით და მაღვიძებს ციმციმა სხივებით...
1:11 AM
მიყვარს, როცა მზე ჩემს ფანჯარაში იყურება დილით და მაღვიძებს ციმციმა სხივებით...

მიყვარს, როცა მზე ჩემს ფანჯარაში იყურება დილით და მაღვიძებს ციმციმა სხივებით... მე კი, ხან ერთ თვალს გავახელ, ხან მეორეს... ვუღიმი და თვალებს ვაჩვევ. ისე უხარია ჩემი გამოღვიძება, თითქოს მოწყენილი იყო მანამდე. ფანჯარასთან ხე დგას. სულ მიშრიალებს ხოლმე ფოთლებს... დღისით მის ჩრდილში ვისვენებ. ცდილობს მზეს არ დაანახოს ჩემი სხეული. მზე კი იჭვნეულად იყურება, ქარის მოვარდნას ელის... რომ ხემ ერთი წამით მაინც დაანახოს ჩემი სახე...
ქარი მზისკენაა, მაგრამ ჯერ თავად მიფრიალებს ურცხვად კაბას, თმას მიწეწავს... მერე ხის ფოთლებს ფანტავს და მზეს უთმობს ჩემს თავს... მზე ხარბად მეფერება ყელზე, სხივებს მითათუნებს... ქარი დგება და კვლავ ხე იპყრობს ჩემს თავს... მზეს პირქუში ღრუბელი ეფარება, მეგობარი ქარის მონაბერი. მის ჩრდილში განაბულია ხე. ხის ბებერ სხეულზე ვარ მიბჯენილი და ვეჩურჩულები... ჩემს სევდას ვუყვები...
სევდას?..
არა!..
ჩემს სინაზეს ვჩუქნი! მასთან ჩემი სევდა ქრება...
ხეს ისევ აშრიალებს ქარი, მაგრამ ვერ ერევა მის ძლიერ მკლავებს. ქარს ძალა გამოცლია. მხოლოდ ყვავილებს დარევია და ველად დააქვს ყაყაჩოს სიწითლე, რომლის შიშველი ღეროც სევდიანი დარჩენილა...
ფეხებთან ბაბუაწვერა მომპარვია. თითებზე მიღიტინებს... ქარი მასაც არ ინდობს და მის შთამომავლობას მინდორში ანიავებს. მას კი, უხარია გიჟივით... პატარა ჩიტუნას ხის ფუღუროში ბინა დაუდია. მობუზულა და ქარს უმალავს თვალებს. ქარი ჩემსავით უჩეჩავს ფრთებს. ჩიტუნა არ იმჩნევს და გაუნძრევლად ზის...
ქარი კაბას მიფრიალებს ადგომისას... გაჩე ქარო! არ გრცხვენია ნეტავ! ხესთან სულ ახლოს ვიხრები... ბებერ სხეულზე ვადებ ხელისგულებს და ერთგულების ამბორს ვჩუქნი... ფოთლები ადგილს წყდებიან და... თითქოს ხელს მიქნევენ.
მზე სახლამდე მიმაცილებს, ქარი კი ისევ მიწეწავს თმებს...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1929 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]