მე სიყვარული ლამაზი მქონდა , - 20 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 20 » მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
8:49 PM
მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მე სიყვარული ლამაზი მქონდა , 
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით, 
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ, 
და ნიავსავით ოდნავ დაღლილი. 
მე სიყვარული შემკრთალიც მქონდა, 
ტაძარში ახლად შესულ ბალღივით. 
ლოცვის ბურანში დაზრილი ოდნავ 
და მლოცველივით ოდნავ დაღლილი. 
მე სიყვარული დამფრთხალიც მქონდა, 
მთვარით დამთვრალი კოლხის ცხენივით. 
მტარვალი ეჭვით შეჭმული ოდნავ, 
ოდნავ შემცბარი და შერცხვენილი. 
მე სიყვარული მოშიშიც მქონდა, 
ღვთისკარზე ახლად შემდგარ ბერივით, 
უნანიებელ ცრემლად და ცოდვად, 
წასული დროში და განფენილი. 
მაინც... ღმერთივით საეჭვო ოდნავ 
და მოწყენილი ქრისტეს თვალებით, 
მის ზეიმს სულში სულ მიმოჰქონდა, 
სინაზე თოვლი და მწვერვალები... 
ახლა ყვავილი მოუსხამს ქონდარს, 
ავი სურნელიც ბრუნავს კამისა, 
მე სიყვარული ლამაზი მქონდა 
და ყველაფერი მქონდა ლამაზი.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 333 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]