გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია ........ - 10 დეკემბერში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია ........
6:05 PM
გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია ........




გაიღიმე ცხოვრება მშვენიერია ........
ღიმილი, სუნთქვა და მოძრაობა
ფრანც ვერფელი
თარგმანი გერმანულიდან - გია ჯოხაძე
___________________________________
შენ გააჩინე და შენივე შექმნილით ხარობ _ღაწვებზე დამდის უთვალავი ღიმილის წყარო,სულ რომ ჩუხჩუხებს და წუთითაც რომ არ ისვენებს,
სახეზე მაფენს ნეტარებით მფეთქავ სისველეს.ღიმილი სხვაა და ნაოჭებს არ ემსგავსება _ღიმილი _ ნათლით დაფერილი არის არსება.კრთის შუქი, მაგრამ შარავანდით ვერ ფარავს ხატებს,რადგანაც ნათელს მხოლოდ ჩვენი ღიმილი ჰბადებს.თვალთა კარიბჭეს გაზაფხულის შხეფი მოწყდება
და სიმხურვალეც ღიმილისა ასე მოწმდება:ბებერი ხელი შეუშვირე ამ ნელთბილ კოცონს _შენ გააჩინე და შენივე შექმნილი მოგწონს!
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე! ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება,სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება! ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს   და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს. არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის,არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის,
ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი,ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი.ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს,თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს.თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს,სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს.
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე! მიდი, დაეშვი, მიწა ახლა იმ ცრემლებს იკრავს,შენ რომ აპკურე მიჯნურების ფეხის ხმას, მიმქრალს,მაშ, შეუერთდი, მათ ნაბიჯებს ჩაეზიარე,სვლა ყოველივეს განწმენდსა და აერთიანებს,წინსვლა მეტია სირბილსა და მაღლა ფრენაზე,მაღალ სფეროზე, მაღალ მზეზე, ვარსკვლავთცვენაზე,მროკავ სივრცეზე, რომ ლივლივებს და რომ არ ცხრება,მეტია, ვიდრე ეს ფუსფუსი და აღტაცება.ნეტარებს ღმერთი, სულ გიზგიზებს და თან სულ ქრება,ჩვენს ნაბიჯებში იბადება თავისუფლება.
ღიმილი, სუნთქვა, მოძრაობა მეტია, ვიდრე ხომლი იელვებს თუ ფოთლებზე ნიავი იფრენს;ვიდრე სინათლე, სხივებმა რომ ფრთებით ატარეს,ადამიანში თვით სამყარო იღებს სათავეს,მიჯნურთ ღიმილში, მათ სუნთქვაში, ცაზე, ჰაერში...იტირე, მუხლი მოიდრიკე, მიდი, დაეშვი!




გაუცინარმა ადამიანმა მაღაზია არ უნდა გახსნასო
(ძველი ჩინური სიბრძნე)
__________________________________________
აქსიომაა - ადამიანი მაშინ იღიმება, როცა კარგად არის. ეს წესი საშტატო იუმორისტებზე, ტელეწამყვანებზე, არტისტებზე, შოუმენებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც ე. წ. "მომღიმარი დეპრესიით” დაავადებულან, არ ვრცელდება. ამათგან ნაწილისთვის ღიმილი - სამსახურია; მეორე ნაწილისთვის კი - საკუთარი უსუსურობის დაფარვა, სიმპტომი, რომელსაც ფსიქიატრის ჩარევა აუცილებლად სჭირდება. ისეთებიც არსებობენ, ვისთვისაც ღიმილი არასერიოზულობის, სისულელისა და სისუსტის ნიშანია (სხვათა შორის, ასე სულ ტყუილად ფიქრობენ).
როგორი ღიმილი არსებობს?
ე. წ. ბუნებრივის გარდა, ყველა კარგად იცნობს ღიმილის ხელოვნურ ანალოგებსაც: მიკერებული, მოთამაშე, ჰოლივუდის ღიმილი, შხამიანი, ფარისევლური, ირონიული და პოლიტიკოსის ღიმილი. ეს უკანასკნელი - არსებითად - არცაა ღიმილი, რაღაც შრომის იარაღსა ჰგავს. ასეთ ღიმილს ეუბნები: - არა! ის კი ყვირის: მე შენიანი ვარ, კეთილი ვარ, ის ვარ, რაც შენ გინდა, თეთრი და ჯანსაღი კბილები მაქვს და ვარდისფერი ლოყები. თავს არ დავზოგავ იმისთვის, რომ შენც ასეთი გქონდესო. ასეთი ღიმილი გავრცელებულ ადამიანურ ატავიზმიზმზე - სჯეროდეს მომღიმარი თანამოსაუბრის - გათვლილი სვლაა. ღიმილის კარგი სიმულაციით სხვისი მოტყუება ადვილია, გამოცდილი ფიზიონომისტის გარდა, ოსტატურ სიმულაციას "დედნისგან” ვერავინ გაარჩევს.
კიდევ უფრო რთული და ჩახლართული ფენომენია ქალის ღიმილი. მის ანალიზს ძირითადად გვერდს უვლიან. მოტივი: ეს შეუძლებელია ისევე, როგორც ალგებრით ჰარმონიის ხარისხის შემოწმებაო. ქალის ღიმილი ერთმნიშვნელოვანი არაა, წინააღმდეგობრივია, როგორც თავად ქალი და ხშირად პოლარულ ზრახვებსა და გრძნობებს გამოხატავს. აი, თუნდაც ლეონარდოს ჯოკონდას ღიმილი რად ღირს - "სათნოებისა და ცდუნების, თავგანწირული სინაზისა და სასტიკად მომთხოვნი მგრძნობელობის” სიმბიოზი. იტალიელი სტომატოლოგები ჯოკონდას ღიმილის გამოცანას მექანიკურად ხსნიან: ირწმუნებიან, რომ მონა ლიზა ბრუქსიზმით იყო დაავადებული, ანუ უნებლიედ ყბების დახურვა და კბილების კრაჭუნი ეწყებოდა. აბა, რა უნდა ვთქვათ ამაზე, გარდა იმისა, რომ ბრუქსიზმი ჩვენს სტრესულ საუკუნეში გაცილებით ხშირი მოვლენაა, ვიდრე ძველ დროებაში, აი, მასეთი ღიმილები კი რაღაც აღარსად ჩანს.
"ჩართვა”
ყველასთვის ცნობილია, რომ დედის წიაღში ადამიანი ძალიან ხშირად იღიმება, დაბადების მერე კი წლიდან წლამდე - სულ უფრო იშვიათად. ღიმილი ნიშანია - ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს. მაგრამ თუ სხეული და სული დამსხვრეულია და გინდა, გაუთავებლად იტირო? - დადექი სარკესთან და აიძულე თავი 5 წუთი მაინც გაღიმებული იყოს. მართალია, გვერდიდან ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური სანახავი იქნება, მაგრამ შედეგი ამად ღირს. სარკეში მომღიმარი ფიზიონომიის ყურება თქვენ აუცილებლად განუგეშებთ და თავს უკეთესად იგრძნობთ. წესად მიიღეთ: სამსახურში მიმავალი იღიმებოდეთ, ხოლო ოფისში დროდადრო მაინც გაიღიმოთ. მეცნიერების მტკიცებით, იმპულსი, რომელსაც კუნთების მდგომარეობის ცვლილება ტვინს გადასცემს, კარგ განწყობას ავტომატურად "ჩართავს”.


როგორ ჩნდება ღიმილი - ფიზიოლოგია
გაღიმება მხოლოდ ადამიანმა იცის. ადამიანისებური მაიმუნები კი არ იღიმებიან, იმანჭებიან. ფაუნის სხვა წარმომადგენლებისთვის ტუჩების გვერდებზე გაწევა და კბილების გამოჩენა აგრესიას ნიშნავს. თავის ტვინის (ემოციების ფორმირების ცენტრის) გარკვეული სისტემის ბირთვში დაბადებული ღიმილი ფიზიოლოგიურად სახის 14 მიმიკური კუნთის დამოკლებაა მხოლოდ. პირველად მოკლდება ზედა ტუჩის ამწევი კუნთი, ყვრიმალების კუნთები და სიცილის კუნთები. თვალები ამ დროს ოდნავ მოხუჭულია. პირის კუთხეებიც ოდნავ ზევით იწევა. პირი იხსნება. თვალის გარეთა კუთხეებში კანი ნაკეცებადაა, ზოგს ლოყაზე მიმზიდველი ნაჩხვლეტი უჩნდება. თუ ღიმილი სიცილში ან ხარხარში გადადის, თვალები კიდევ უფრო მეტად იხუჭება, შუბლზე კანი გადაისარკება, პირი კიდევ უფრო ფართოდ, უფრო სწორად გრძლად იწელება, კუთხეები კიდევ უფრო მეტად აიწევს მაღლა და კბილიც უფრო მეტი ჩანს - ერთი სიტყვით, ასე თუ მოყევი, საშინელებაა და მეტი არაფერი! არადა, შეხედავ და არაფერი - სიმპატიურადაც კი გამოიყურება...


ღიმილის პლუსები
მომღიმარს უფრო მეტი სიხარულით ან კეთილგანწყობით ხვდებიან, ყველაფერთან ერთად ის ადამიანის მიმართ პატივისცემასაც გამოხატავს. გაიღიმეთ სახლში, გარეთ, სამსახურში, წამიერად მაინც გაუღიმეთ ყველას, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ და უკვე 1 კვირის შემდეგ შენიშნავთ, როგორ შეიცვალა ახლოებლების, ნაცნობებისა და თავად ხელმძღვანელობის დამოკიდებულება თქვენს მიმართ. ნუ დაფრთხებით და არ შეგეშინდეთ, რომ სხვანაირად გაიგებენ. ღიმილი უსიამოვნების ანტიდოტია. იცით, რას ამბობენ პრაქტიკული ამერიკელები ღიმილზე, თანაც სავსებით უტილიტარული მიდგომით - ის არაფერი ღირს, მასში არაფერს იხდი, მაგრამ ბევრს გაძლევსო!
პროგნოზი სახეზეა, სპეციალისტების აზრით, ღიმილს, ისევე როგორც, საერთოდ, ადამიანის მიმიკას, თავისი განვითარების ფინალური სტადიისთვის ჯერ არ მიუღწევია და ევოლუციას განაგრძობს. საინტერესოა, როგორ გამოხატავენ სიხარულს, ვთქვათ, ერთი 1000 წლის შემდეგ და გამოხატავენ თუ არა საერთოდ? ამიტომ, მოდით დღეს და აქ გავიღიმოთ ხოლმე, სანამ ამის საშუალება არსებობს. დაე, იფიქრონ შთამომავლებმა, რომ XXI საუკუნის დასაწყისში კაცობრიობა ერთობ მომხიბვლელი, კეთილგონიერი და წინდახედული ჩეშირის კატასავით იღიმებოდა. მანამდე კი თვალი ისტორიას გადავავლოთ.




                               
მიმაგრება:
კატეგორია: სიბრძნეები | ნანახია: 1671 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]