მთავარი » 2010 » იანვარი » 22 » ბეღურები ყავას არ სვამენ
11:00 AM
ბეღურები ყავას არ სვამენ



დღეს მისი ცხოვრების რიგითი დღეა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, კაფეში ყოველ დღე არ ზის, მთლად რომ არ დაკარგოს რეალობის განცდა. ადამიანები ჰაერივით სჭირდება, მართალია, მათი ენა არ ესმის, მათი მზერა არ ესმის. სამაგიეროდ, გაზაფხული ყველგან გაზაფხულია. სიყვარული პრაღაშიც უნდათ და საერთოდ, რისთვის კითხულობს ახლა ვირჯინია ვულფის მოთხრობებს,თითქოს დახვეწილი ინგლისელი ლედი ყოფილიყოს, სერიოზული, მაგრამ ლიბერალური. ის ხომ სულ რაღაც ოცი წლისაა, უმწიკვლო ბავშვი, რომელიც მაგიდიდან კანფეტებს მოიპარავს, ჯიბეში ჩაიყრის და ნელი ნაბიჯით გაეშურება ვირჯინია ვულფი მდინარისკენ, ჩაიყრის ჯიბეებში ქვებს, რათა ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ჩაიფიქრა… და ბოლოს და ბოლოს, მოიკლავს თავს…
_....როგორც ოფელია?...
_უკაცრავად?....
_არაფერი…ერთი ფინჯანი ყავა, თუ შეიძლება.
მიდის ჰამლეტი, საბედნიეროდ, თორემ კიდევ რამეს წამოროშავს და ყველა იფიქრებს, გიჟიაო. ისე კი…რაღაცით მართლაც ჰგავს. ისეთივე ცხვირი, ტუჩები. მხოლოდ თვალები…მხოლოდ თვალებში არაა ის სევდა, ის მოლოდინი, ის წუხილი: " სად იყავი?_ არ მახსოვს._რისთვის?_მზესუმზირა ვიყიდე._იქნებ პარიზშიც წასულიყავი, ორი მუჭა წაბლი გეყიდა…_რა აგრესიული ხარ!”
სამწუხაროა, მაგრამ კანფეტი უკვე დნება, ჟიბეში ვეღარ ჩაიყრის. ოფელია?არა, ყველაფერი უფრო რთული იყო, უფრო მძაფრი და თანაც მათს საუბარს მთელი კაფე უსმენდა: "როგორ გგონია,იჩხუბებენ?_ერთი მაგათიც!...” ალბათ, რამე მაგდაგვარს ჩურჩულებდნენ დასავლურ_სლავურად კაცები, ქალები, მოლარე გოგონა და ოფიციანტი.
_მგონი, არავის ელოდება...
_შენც აიღე და მიდი, დაელაპარაკე ამინდზე, ხიდებზე, ბეღურებზე, როგორ მოგწონთ ჩვენი კაფე, კიდევ შემოიარეთ, ჩემთან ხომ არ წავსულიყავით.... აბა რა!
ხანდახან აუტანელი იყო, დაძაბული და მდუმარე, ხანდახან ყვავილებსაც ჩუქნიდა, თეთრსა და წითელს, ნაყიდს, დაკრეფილს, მოპარულს. ეს იყო რომანტიული და სახიფათო თავგადასავალი თავბრუდამხვევი ვირაჟებითა და მუდმივი არითმიით, როცა სუნთქვა ხშირდება, გუგები ფართოვდება და გრძნობ, რომ კვდები. და ამ დროს ვიღაცის ხელი მოისვრის ფინჯანს და აღმოაჩენ, რომ ეს მისი ხელია. ეს ხელი მუდამ ებღაუჭებოდა ქალის, გოგონას, ბავშვის მაჯას. ძლიერი და უსუსური ხელი....
მოედანზე ბეღურები კენკავდნენ დაბნეულ მზესუმზირას.
" რა დასანანია...._შემომხედე!_რა გინდა?!_მოდი, წავიდეთ აქედან.” ქალბატონი მორჩილად მიდის და მხოლოდ მოლარე გოგონა გააყოლებს თვალს _ არა, მას არა, უკვე ზეპირად იცის მისი გარდერობი, ისიც იცის, რომ ხვალაც მოვლენ და იკამათებენ. აი ისევ, სხედან და ფიქრობენ, ისევ კითხულობს ვირჯინია ვულფის მოთხრობებს და სულაც აღარ ფიქრობს თავის " მეგობარზე”, აღარც ის_ მასზე, ყველა კმაყოფილია, რადგან დამშვიდობებაც კი აღარაა საჭირო. ბეღურები გუშინდელ მზესუმზირას კენკავენ და, წარმოიდგინეთ, ჩვენს უმწიკვლო ბავშვს აღარ უნდა, რომ იყოს სერიოზული ინგლისელი ლედი, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ლიბერალური, რომლის ცხოვრებაში სხვებიც იქნებიან, სხვებიც მოუტანენ ყვავილებს, თეთრსა და წითელს, ნაყიდს, დაკრეფილს ან მხოლოდ მოპარულს. რა, არ შეიძლება? ის იქნება მარტო, მოწყენილი, მასთან მოვა ოფიციანტი, ესაუბრება ამინდზე, ხიდებზე, ყავაზე, როგორ მოგწონთ ჩვენი კაფე, მშვენიერია, არ დაგვივიწყოთ, შემოგვიარეთ, რა თქმა უნდა, ისე, სხვათა შორის....”ჩემთან ხომ არ წავსულიყავით?” უკაცრავად?! განა ის არ აღშფოთდება, არ მოისვრის საცოდავ ფინჯანს, არ დააფრთხობს მშიერ ბეღურებს მზესუმზირის თქეშით?! განა არ გაიქცევა მდინარისკენ და არ მოიკლავს თავს, როგორც, როგორც....ოფელია? არა, ის მშვიდად იბაასებს ოფიციანტთან, დალევს ყავას, ახედავს ცისფერ ცას, დაემშვიდობება ნაცნობებს და წავა სახლში. მარტო.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1352 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]