მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » უბრალო ამბავი
10:28 PM
უბრალო ამბავი


ადამიანების
არც წასვლა უკვირს ვინმეს და არც მოსვლა, არაფრად მიაჩნიათ მათი არსებობა,
ვითომ კანონზომიერია ყველაფერი. ვითომ არაფერი, როცა ადამიანები ერთმანეთს
ღალატობენ, ატყუებენ, ეპირფერებიან, მერე ეკლესიაში მიდიან და ყველაფერს
ინანიებენ მოძღვართან. ისიც პატიობს, ადამიანები ხართ და არაფერი
ადამიანური უცხო არ არის თქვენთვისო, პატარა სასჯელს დაუწესებს და
ადამიანებიც სინდისდამშვიდებულები ბრუნდებიან სახლებში, რომ ახლიდან
დაიწყონ თავისებური ცხოვრება...

      როცა პატარა ხარ, ყველა კარგი
გგონია, პირველ რიგში, საკუთარი მშობლები, არ გაინტერესებს, საიდან მოაქვთ
მათ შენი ლამაზი სათამაშოები, როგორიც არცერთ ბავშვს ჰქონია; ვერც იმას
ხვდები, რატომ აქვთ ასეთი სახეები ტელევიზიით ნანახ შავკანიან ბავშვებს.


      იზრდები, დრო ძალიან სწრაფად გადის, მშობლებს სათამაშოები აღარ
მოაქვთ შენთვის... მამა შორს, ოკენის გადაღმაა წასული, არ ამხელ, მაგრამ
კარგად აღარც გახსოვს მისი სახე, მხოლოდ ბებია გახსენებს, ძალიან გავხარ,
ზუსტად მისნაირი შუბლი და ფრჩხილები გაქვსო. თბილისში ხომ უცნაური,
ძვლებისგამყინავი სიცივე იცის ხოლმე, სხედხართ შენ და დედა ჩუმად,
მოგვიანებით მეზობელიც შემოივლის თავისი პატარა ბიჭუნათი, რომელსაც
ინგლისურის დავალებას აწერინებ. უკვე დიდი ხარ, ამას მერამდენედ
გეუბნებიან, საუკეთესო მომავალი გექნება, ისეთი ლამაზი და ჭკვიანი ხარ,
კარიერაზე უნდა იზრუნოო...


      ამ დროს შენ სიყვარული გინდა, გასცე... რა სისულელეა, ეს ხომ
არასერიოზულია, მაგრამ სტუდენტობისას ხშირად მოსდით მსგავსი აზრებიო,
იცინის მეზობელი ქალი. დედები აღარ გისმენენ.   შენ მეზობლის
გაფშეკილთმიან ბიჭუნას უყურებ და იღიმები. ისიც გიყურებს და იღიმება: "ანუ
ბევრი შოკოლადი?” შენ თავს უქნევ: "ჰო, შოკოლადი და ველოსიპედებიც, ფრანიც
და ფერად-ფერადი პლასტელინები.” "აუ, მაშინ მეც მინდა შენი სიყვარული! –
ბიჭუნა აღფრთოვანებას ვერ მალავს და თვალები უბრწყინავს – შეიძლება, მეც
შენთან ერთად გავცე სიყვარული? ყველა ბავშვისთვის გვეყოფა?” შენ თავს
უქნევ. არადა, ზუსტად არც იცი, რადგან ამქვეყნად ისე ცოტაა ეს სიყვარული,
ადამიანებიც ცოტანი არიან, რომლებიც სიყვარულის უფლებას მოგცემენ და არ
დაგცინებენ. იციან, რომ საღამოს მაინც აღსარება უნდა ჩააბარონ და შენი
სიყვარული ვის რად უნდა. თითქოს სიყვარული მხოლოდ ცოდვების მონანიება
იყოს, ან ღმერთი იქ იყოს, სადაც მათ ჰგონიათ და არა შენი მეზობელი ბიჭუნას
თვალებში, ინგლისურის არაწესიერ ზმნებს რომ იზეპირებს.


      მართლა არაფერი გინდა, სიყვარულის გარდა; ბავშვები არასოდეს
დაგცინებენ ამის გამო და შენი სიყვარულიც ყოველთვის უნდათ. როცა პატარა
ხარ, გრძნობ, ვის უყვარხარ ნამდვილად და ამიტომ შენც გიყვარს უანგაროდ,
თუნდაც შოკოლადი არ მოჰქონდეს, უბრალოდ იჯდეს და გიღიმოდეს, თან საოცარ
ზღაპრებს გიამბობდეს, სადაც შენ მამაცი გმირი ხარ და ბევრ სიკეთეს აკეთებ.
იზრდები და ეს ადამიანი სამუდამოდ გამახსოვრდება, მას გინდა, ჰგავდე და ის
სიყვარული გასცე, რომლითაც მან გაგინათა ბავშვობა...


  იღიმები და ისევ შენსას იმეორებ, სიყვარული მინდა მივანიჭო ადამიანებს
და მეტი არაფერიო. დედას ეშინია. დედებს ყოველთვის ეშინიათ, ასეთი
შვილებისა უფრო ეშინიათ, ვიდრე ქარაფშუტებისა, გვიანობამდე რომ არ
ბრუნდებიან სახლში და საათობით დგანან სარკის წინ, მათ ხომ აზრადაც არ
მოსდით, სიყვარული გავცეთ და ბავშვებს ველოსიპედები ვაჩუქოთო. მათთვის
ადვილია და მათი დედებისთვისაც, თავიდანვე იციან, როგორ მოუარონ ქარაფშუტა
შვილებს და შენ კი, რომ ზიხარ სახეგაბრწყინებულ ბუდასავით და ჰიპივით
სიყვარულზე საუბრობ, დედასაც გულს უხეთქავ და მეზობელი ქალიც თავის
გაფშეკილთმიან ბავშვს აღარ უშვებს შენთან, გერმანულის სწავლა ჯობიაო.


      მამაც აღარ ბრუნდება, უკვე რამდენი ხანია, წერილიც არ მოუწერია,
აღარც დაურეკავს. ბებიაც დიდი ხანია გადაეჩვია თქვენს შედარებას, პირიქით,
რაც უფრო იზრდები, დედას ემსგავსებიო... დრო გადის, ზამთარი, გაზაფხული,
ზაფხული, შემოდგომა... არა, მთლად ისეც არა, თითქოს ათწლეულები
გასულიყოს...



      ადამიანების არც წასვლა უკვირს ვინმეს, არც მოსვლა თითქოს...
"აბა, ერაყში წასვლა შეიძლებოდა? – თავს აქნევს მეზობელი ქალი – სულ ასეთი
უცნაური იყო, დაიჟინა, ბავშვებს სიყვარული სჭირდებათო და წავიდა...”
"ეჰ... საცოდავი დედამისი, რა უნდა ქნას? ერთი შვილი ჰყავდა და ისიც
ტერორისტი, გაგონილა?” "აკი, ბავშვებიო?” "ჰო, თავიდან ბავშვთა სახლში
ასწავლიდა, - განაგრძობს მეზობელი ქალი – სურათებიც კი გამოგზავნა, სულ
იცინოდა და შავტუხა ბავშვები ჰყავდა ჩახუტებული... მერე ის სახლი
შემთხვევით დაუბომბავთ მშვიდობისმყოფელ ამერიკელებს, ცოდოები არიან
ბავშვები, მაგრამ როგორ შეიძლებოდა იმათ მხარეს გადასულიყო?” "ეჰ...”



      შენ სიბნელეში ხარ, ვეღარაფერს ხედავ. აუტანელი სიცივეა,
ყინულივით ცივი კრისტალები გერჭობა სხეულში. სადღაც წაიკითხე ადრე,
შეიყვარე სიცივე და ნუ შეგეშინდება, როცა ის შენს სიყვარულს იგრძნობს,
აღარ გაგყინავსო. ყველას და ყველაფერს სიყვარული სჭირდება, სიცივესაც,
სიკვდილსაც... უცებ ეკლესიას ნატრობ, სითბოს, სინათლეს და კიდევ უფრო
გიჭერს ყინვა, გკაწრავს და სისხლში ატანს, ერთადერთ თბილ და მოძრავ
საგანში. შეიყვარე სიცივე, ყურში გიწივის რაღაც, შეიყვარე, შეიყვარე!..
შენ მშვიდდები, რადგან სინამდვილეში არ ცივა, ეს სიკვდილისწინა შიშია და
მეტი არაფერი, პირჯვარი გინდა გადაიწერო? მაგრამ რა უფლებით, როცა ტანზე
გველივით შემოგხვევია დინამიტი და "ალაჰ აკბარ” გამხნევებენ
გარშემომყოფები... თბილისის ზამთარი გახსენდება, დედა და მეზობლის
თმაგაფშეკილი ბიჭუნა, რომელიც, ვინ იცის, ისევ ელოდება შენთან ერთად
სიყვარულს და შოკოლადებს? გარშემო იყურები და იღიმები, ყველა გიყვარს,
ყველა...


      ნეტავ მათ, ვინც საღამოს წავა და აღსარებას ჩააბარებს მოძღვარს,
ვინც მარჯვენას დაიმორჩილებს და პირჯვარს გადაიწერს, ვინც სახლში
დაბრუნდება და ახალ ცხოვრებას დაიწყებს...

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 820 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]