ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ, გოდერძი ჩოხელი... - 24 ივნისში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » ივნისი » 24 » ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ, გოდერძი ჩოხელი...
5:20 PM
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ, გოდერძი ჩოხელი...

1

- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩოფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .


2


- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!


3


- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან
ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი
ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა
საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა,
მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი
მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა
უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები,
მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.


4


- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.


5


. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით,
თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს
პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი
საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა
და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის
ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა
მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე
შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს
ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე,
ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო.
მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.


6


- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!


7


- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.


8


- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც
ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ
გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?!
ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ
გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან?
ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა?
მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი
ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ
გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!


9


მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე
გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას,
რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება
შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა
თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება,
რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას
არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!



                               
მიმაგრება:
კატეგორია: სიყვარულის შესახებ | ნანახია: 2871 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 თამო ვარ   (2014-06-15 12:48 PM)
გოგოებო, ამ საიტისთვის მესაჭიროება მოდერატორები და ადმინები აბა თუ ვინმეს გინდათ გვესტუმრეეეთ www.forumi.at.ua

0   Spam
5 თამო ვარ   (2014-06-15 12:46 PM)
სიყვარული ულამაზესი გრძნობაა.. ისე შევიყვარე, რომ ვერასდროს დავივიწყებ :)

0   Spam
4 giga da ana   (2013-07-11 7:26 PM)
icit siyvaruli magari ramea raaa
yvela sheyvarebuls gaumarjos
.miyvarxar ana sigijemde mteli gulit

0   Spam
3 mari   (2013-02-13 10:36 AM)
icit ra me myavda sheyvarebuli da turme ra ar vuyvardi mezizgeba sheyvarebulebi

0   Spam
2 sofi_1281   (2011-10-30 9:55 AM)
dry oormmxrivii siyvaruli romelic did xans gastans ararsebobs :X imitom rom mas tan axlavs shuri boogma da boroti adamianneebi :X

0   Spam
1 anny   (2011-07-14 1:50 AM)
bolo kargi iyo. igi tviton mtkicdebao iq sadac pexs daadgamso ! <3 GIO MIYVARXAR sicocxleze metad

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]