მთავარი » 2010 » იანვარი » 7 » ˙·٠•●๑۩۞۩๑სიზმარი๑۩۞۩๑●•٠·˙
12:03 PM
˙·٠•●๑۩۞۩๑სიზმარი๑۩۞۩๑●•٠·˙

ღამე.

სტაფილოსფერი მთვარე.

ჯანის ჯოპლინის საამური ხმა.



რბილ დივანში ჩაფლულს უცნაური ფიქრები, გაურკვეველი წადილი ყელზე ეჭდობა.
რამით უნდა გამოხატოს ეს ყველაფერი, რომ ჩამოიწყვიტოს, ჩამოიოშოროს და
დააგდოს თორემ ცოტაც და მოახრჩობს.



ფუნჯი და მოლბერტი აიღო. ტილოზე გადაიტანს ყველაფერს.

არაფერი არ გამოსდის.

რითი მოიტყუოს უკან მუზა? უკვე იცის პასუხი. . .

დასალევს ვერ პოულობს. ალბათ მამამისმა გამოუყვანა წირვა.



თვალი ვიტრინისკენ გაეპარა. ბევრი ლამაზი ბოთლი აწყვია. მამა ამათ მთელი
ცხოვრება აგროვებს. ერთ-ერთს ცოტას მოაკლებს და წყლით შეცვლის.



– "რას გაიგებს? ცხოვრებაში ამის გამხსნელი და დამლევი არაა. ნეტავი რად
უნდა. მაგ ჩემისას სულახან-საბას იგავი მაინც არ წაუკითხავს დამარხული
ოქროს უსარგებლობაზე?”



ასეც მოიქცა.

არ უშველა, მაინც ვერ გამოსახა ემოციები.

იქნებ რაიმე დაეწერა?



უცებ ხმამაღლა გადაიხარხარა.



– "მე? დავწერო? რა უნდა დავწერო? წერა? წერა ხომ გმირობაა! წერა დიდი
გმირობაა. ვგავარ ახლა მე გმირს? რა ვიცი, რა ვიცი. არა, არ დავწერ. არ
დავწერ იმიტომ, რომ. . . მეშინია. მეშინია, რომ გამასამართლებენ. მეც
ისევე გამასამართლებენ როგორც სოკრატე გაასამართლეს. გამასამართლებენ ისე,
როგორც პატარა ბავშვები ასამართლებენ ექიმს!”



უცებ უკნიდან ბოხი ხმა მოესმა:



– ”მერე და შენ არ იცი, რომ არავითარი ავტორიტეტი არ უნდა ბატონობდეს
გონებაზე? პირიქით, გონება უნდა ბატონობდეს ავტორიტეტზე და უჩვენებდეს მას
გზას!”



გაიხედა და გაოგნდა. პატარა ანგელოზივით ბავშვი გამჭოლად მისჩერებოდა.



დაიბნა. . . საიდან მოხვდა მის ოთახში პატარა ბავშვი ღამის ოთხ საათზე? ან
საიდან ამ სამი წლის ბავშვს ლუი არმსტრონგის ვოკალი? უცებ გააცნობიერა,
რომ წესით უნდა შეშინებოდა, მაგრამ შიშის გრძნობა არსად ჩანდა.



– ”ვინ ხარ?”

– ”სიკვდილი. . .” – უპასუხა პატარამ.

– ”უცნაურია, მე ცოტა სხვანაირად წარმომედგინე…”

– ”ეეეე, გაატრაკეს რა ამ ჰოლივუდელებმა, ამ ბოლო დროს ყველას ჰგონია, რომ ბრედ პიტივით გამოვიყურები.”

– ”წარმომიდგენია ქალიშვილები რა გულდაწყვეტილები მოგყვებიან.”

– ”ბიჭო, ხორცშესხმული სიკვდილი გამოგეცხადე და კიდე ღადაობის ხასიათზე ხარ?!”

– ”დააფასეთ სიცილი. რაც არ უნდა ბევრი იყოს ამქვეყად, ის ზედმეტი არასოდეს იქნება. ეტო ნე ია, ეტო სოკრატ!”

– ”ერთ რამეს გეტყვი. ხუმრობა ზომიერად უნდა იხმარო, როგორც მარილი, თორემ ფეხებს წაიმტვრევ.”

– ”სიკვდილი მესტუმრე და ფეხებზე მანერვიულე ახლა. ისე, რომ იცოდე,
სიკვდილში პირადად მე ბევრ დადებითს ვხედავ. აი მაგალითად: როცა მოვკვდები
მაშინ ხომ მაინც შევიცნობ ჭეშმარიტებას? გავიგებ რა არის და როგორ არის
სინამდვილეში. მართალია თუ არა ყველაფერი ის, რასაც მამა ბასილი სულ ძალით
ტენის თავში საცოდავ სექტანტებს. უამრავი კითხვა მაქვს! ”

– ”მერე და რად გინდა ამდენი რამის ცოდნა? ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები
თორემ უმეცარი დარჩები. ეგაა თქვენი, ქართველების უბედურება. ვეღარ
შეიგნეთ, რომ ბრძენია ის, ვინც იცის – საჭირო, და არა ის, ვინც იცის
ბევრი."

– ”ასეა თუ ისე, ჩემი ბედი ამ ყველაფრის დროზე ადრე გაგება ყოფილა.”



ბავშვმა საზარელი ხმით გადაიხარხარა:



– ”რა ბედი, რის ბედისწერა. შენ რა, ბედისწერის გჯერა? ბიჭო, ძნელბედობაც
ხომ კარგი ბედი გვგონია, როცა მისი დასასრული კარგია? ბედისწერის იცი რა
კატეგორიის ხალხს სჯერა? ეხლავე გეტყვი: ბედისწერის სჯერა იმას, ვისაც
პასუხისმგებლობის ეშინია. ვისაც ეშინია ყოველი მომდევნო ნაბიჯის, ეშინია
სიახლის. მაგათთვის ვიღაც ბედის მჭედავის ხელში მარიონეტებად ყოფნაა
მანუგეშებელი, რათა მერე თავისი შეცდომები იმ ვიღაცას გადააბრალონ.”

– ”ისე მართალი ხარ. დაჯდებიან საჭესთან ღორივით გალეშილები,
დაინვალიდდებიან, მერე კი თავს ინუგეშებენ და ბედისწერას აბრალებენ
ყველაფერს, ასეთი ბედი მქონია, სად გავექცეოდიო. შეჩემა მთვრალი თუ
დაჯდები მანქანაზე აბა სხვა რანაირი ბედი გექნება?”

– ”ჰმ, უგუნურს არ გავხარ. არ მიყვარს უგუნურები. უგუნურები არ ცოცხლობენ.
მათი სიცოცხლე ნელი სიკვდილია, მაგრამ მიუხედავად ამისა ტირილით
მეგებებიან ხოლმე, ენანებათ აქაურობა. დაბერდებიან, დამახინჯდებიან,
ცოცხლად დალპებიან და მაინც ტკიპებივით ეპოტინებიან სიცოცხლეს. მე კი
ყოველთვის ვთვლიდი, რომ სილამაზე არის დედოფალი, რომელიც ძალზე ცოტა ხნით
ბატონობს.”

– ”კი, ასეა. საუკეთესოები ახალგაზრდებად კვდებიან.”

– ”შენ არ გეშინია სიკვდილის?”

– ”ადრე მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ სიკვდილი ბოროტებაა, ეს ღმერთმა
დაადგინა. სიკვდილი ლამაზი რომ ყოფილიყო, თვითონ ღმერთიც ხომ მოკვდებოდა.
უი, შემთხვევით მახინჯი გიწოდე. . . (ხითხითით) ახლა კი უეჭველი ჯოჯოხეთში
მოვხვდები!”

– ”ნუ გეშინია, არსადაც არ მოხვდები. უფრო სწორად ვერ მოხვდები. იცი
რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს, არც სამოთხე და არც ჯოჯოხეთი. ჭკუა რომ
გქონოდა ამას თვითონაც მიხვდებოდი.”

– ”აბა აქედან სად წავალ?”

– ”არსადაც არ წახვალ. უბრალოდ გაქრები. შეწყვეტ ბიოლოგიურ არსებობას.”

– ”მაბოლებ არა? არ გამოგივა. ახლა ღმერთთან წავალ.”

– ”ჰა, ჰა, ჰა! ვისთან? ღმერთთან? რა იცი შენ ღმერთის შესახებ? შენ რა,
ღმერთი ვიღაც წვერებიანი ბაბუ გგონია, მაღლა ღრუბლებში, ყველაფერი
წინასწარ რომ იცის? საიდან ასეთი გულუბრყვილობა? ცოტა ლოგიკურად იაზროვნე
რა. აი თუნდაც დიდი წარღვნა ავიღოთ. ხომ ამბობ, რომ ღმერთმა ყველაფერი
წინასწარ იცის? მაშინ ისიც ხომ წინასწარ ეცოდინებოდა, რომ ოდესმე ადამიანი
იმდენს შესცოდავდა, რომ წარღვნა გახდებოდა მოსავლენი? რატომ არ დააკავა
ისინი ცოდვათაგან?”

– ”იმიტომ, რომ იგი ჩვენ არჩევანის საშუალებას გვაძლევს.”

– ”კი, მაგრამ მან ხომ წინასწარ იცის ყველაფერი. აქედან გამომდინარე
ეცოდინებოდა ისიც, რომ ადამიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოდვას
მიანიჭებდა უპირატესობას. მაშინ რაღა აზრი ჰქონდა ყველაფერს?”

– ”მდაა. . . პარადოქსია.”

– ”არ არსებობს ეგ ღმერთი ბიჭო!!! ღმერთი შენში არსებობს! ღმერთი
სინდისია, ღმერთი ნამუსია. ღმერთი ყველა ადამიანშია! შენ ხარ შენი თავის
უფალი. რელიგიური წიგნები ისევ ადამიანის შექმნილია. ეგ არის ბრბოს და
მასის მაკონტროლებელი მორალური კოდექსი, რათა ისწავლოთ ცუდის და კარგის
გარჩევა. ყვერებით რომ არ დაკიდოთ მოყვასი თქვენი. . .”

– ”მოიცა, მოიცა. თუ მართლა არაფერი არ არსებობს შენ აქ საიდანღა მოხვედი?!”



ბავშვს გაეღიმა.



– ”არც მე არ ვვარსებობ, გეჩვენები.”

– ”როგორ თუ მეჩვენები?”

– ”როგორ და ასე. გეჩვენები. შე ჩემისავ ნახევარი ბოთლი "აბსენტი” ჩაცალე და გიკვირს ჰალუცინაციები რომ დაგეწყო?

– ”არა! არა! სტყუი! და მე შენ დაგიმტკიცებ, რომ სტყუი!!!”



მან ელვის სისწრაფით გამოაღო ფანჯარა და დაბლა გადაეშვა. წამი თითქოს
საუკუნე გაგრძელდა. იგი ფიქრობდა, მას უხაროდა, დიახ, უხაროდა. . .
ქვემოდან ხედავდა თავისი ოთახის ფანჯარას, რომელიც თანდათანობით სულ უფრო
და უფრო შორდებოდა. ფანჯრის რაფაზე მდგომი პატარა ლანდის ირონიული ძახილი
აცილებდა ასფალტამდე:



– ”ჭეშმარიტად დიდია ადამიანი, რომელმაც შესძლო თავისი დროის დაპატრონებააა!!!”



დაცემა…



უცნაურია, ასფალტი წესით უფრო ცივი უნდა ყოფილიყო. . . ბიოლოგიური არსებობის გაწყვეტა კი უფრო მტკივნეული. . .



– ”რა ხდება???”



თავი წამოსწია. ისევ თავის ოთახში იმყოფებოდა.



– "რა უცნაური სიზმარი იყო?” ჩაიბურტყუნა და წამოიზლაზნა.



ანგრეულ მაგიდაზე ნახევრად ცარიელი "აბსენტის” ბოთლი იდო. ჯერ კიდევ სველი
ტილოდან კი უცნაურად მომღიმარი პატარა ბავშვი იმზირებოდა. . .


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1120 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]