მთავარი » 2010 » თებერვალი » 2 » შენი ფრთების ქვეშ
11:16 AM
შენი ფრთების ქვეშ


შენი ფრთების ქვეშ

(ჩემს დაღუპულ მეგობარს მიშიკოს...)



ძალიან ცივა... ძალიან მცივა და მტკივა... ვტირი. ხომ იცი რატომ, მე რატომ
მტკივა. მე გული მცივა, მე სული მტკივა. ვტირი... მე მინდა ფრენა, ორი
ფრთა, ან ყოფნა შენი ფრთების ქვეშ. გთხოვ შემიფარე, მე ხომ მტკივა და
მცივა... იცი შენს ფრთების ქვეშ მე უკეთ გავხდები, გამოგხედავ და
გაგიღიმებ., მერე ავდგები და ყავას გაგიკეთებ...



სიცივისაგან მტკივა ხელები... გული. მე მინდა შენს ფრთების ქვეშ
გამოვიძინო.... დილით გამაღვიძო და მერე მთელი დღე ერთად ვიფრინოთ...
ერთად როგორც ადრე, დასაბამიდან... ერთად მოვივლით პატარა ქუჩებს...
გავივლით ერთად აღმაშენებელს და შენს ქუჩაზეც გავისეირნებთ...



ძალიან მტკივა... სიცივისაგან ხელები... ტირილისაგან თვალები...



მე მინდა ფრთები, რათა ვიფრინო... ვიფრინო ცაში, შენ რომ დაფრინავ ისე...



მე მინდა ფრთები, შენს სამყაროში ამოსაფრენად...



როგორც ადრე ჩვენ ვიცეკვებდით, ბავშვობის ტკბილ დღეებს გავიხსენებდით...



როგორც სცენაზე ისე ცაში, ჩვენს ფრთებთან ერთად ავცეკვდებოდით...



გამვლელი ქვემოდან ამოგვხედავდა და სანუკვარ ოცნებას ჩაიფიქრებდა, ჩამოვარდნილი ვარსკვლავები ვეგონებოდით...



რა ლამაზია გაზაფხული, რა ლამაზია მაისი... შენ მაისში ხარ დაბადებული... მაისში ასევე ფრთები შეისხი...



რა ლამაზია სანაპირო როდესაც წვიმს...



მე რომ შენს ფრთებს ქვეშ დამეძინოს კარგად ვიქნები, მე რომ შენთან ფრენა შემეძლოს...



ან უკეთესი, მოიძრე ფრთები. რა გინდა ზემოთ, ჯერ ჩემთან ერთად იარე მიწაზე... და მერე ერთად გავფრინდეთ... ზემოთ ვიცეკვოთ...



ისევ ცივა და ტკივა... შენ რომ გციოდა მე მაშინ მტკიოდა, მე მაშინ ვტიროდი...



ცივა... და... რაღაცას ვბოდავ... ცას ავხედე და ვერ დაგინახე, არადა ფრთებზე ვოცნებობ... ცაზე...



მტკივა და... ვფიქრობ სიკვდილზე...



მესმის კივილი... მესმის ვარდნის ხმა... და რატომ არ ვიცი. სიზმარია? მე
გულში მცივა და შენი ორი დიდი ფრთა მჭირდება, შემიფარე და უკეთ გავხდები,
ალბათ...



და გაზაფხულიც როდესაც ნელ-ნელა მივა დასასრულს, როცა ბოლომდე ვარდი
გაიფურჩქნება, დასანანია შენ ვერ შეხედავ ამ საოცრებას... გაზაფხულსაც
მოუვა ბოლო, წელს... მოვა მაისი მომავალ წელსაც, მოვა უშენოდ, ისე
უაზროდ...



უმიზნოდ გაიფურჩქნება წითელი ვარდი... იტირებს ისევ პატარა ქუჩა...



ვფიქრობ წარსულზე, დროზე და... ნეტავ ფრთები მომცა... ავფრინდებოდი ცაში,
ამოგიტანდი ფლეიტას და მთელი გულით მოვუსმენდი შენს ლამაზ დაკვრას...
დაგიჯდებოდი ჩუმად და მოგიყვებოდი ჩურჩულით ამბებს... ავაცეკვებდი
ღრუბლებს, ავამღერებდი ვარსკვლავებს და ვიტირებდი ალბათ...
შემოგეხიზნებოდი ცოტა ხნით ფრთებქვეშ და...



და გაზაფხულიც როცა მივა ნელ-ნელა დასასრულს... და როცა მრავალი წელი
გავა... მე ფრთების სითბოს ვინატრებ ჩუმად... შევალ ტაძარში, დაგინთებ
სანთელს... დაგინთებ სანთელს და...



                                                  ავტორი: ნინკა აბუაშვილი


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1518 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]