რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის - 27 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 27 » რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის
1:21 PM
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის
რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.
წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი". 


წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან. 
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი. 
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან. 
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ. 
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს... 


ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი. 
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველი: მშვიდობას გაუმარჯოს. 
მომწონს თქვენი პაციფიზმი, მაგრამ რად გინდათ მშვიდობა, ისედაც მოწყენილობით კვდებით. გასიებულხართ და საკუთარი ცოლები აღარ გაძლევენ. მშვიდობა თორემ, თქვენც ეხლა გუშინ მოიგეთ ომი.… მშვიდობის უფლება აქვს იმას, ვინც რაიმეს აკეთებს მისთვის. 
თქვენ არ აფასებთ მშვიდობას... 

სადღეგრძელო მეშვიდე: ისინი უკვე გადიდნენ. ყველამ ჯიბეებიდან დაიწყო ამოლაგება კუბოების და მაგიდაზე დაწყობა. მერე დალიეს: წასულების. ვიღაცამ დაიყვირა, გაჩერება არ შეიძლებაო, დაუძახეს ბავშვებს, შემოსვეს კუბოებზე და მაგიდიდან ჩაასრიალეს. თან სვამდნენ: ბავშვებს გაუმარჯოსო.

სადღეგრძელო ორმოცდამეჩვიდმეტე: სიყვარულს გაუმარჯ... 
მთვრალი შემოვიდა და დავარდა. 
მე გადავაბიჯე მას და სახლიდან გავედი...


დროის დაკარგვა მომესურვა. აზრები გამეფლანგა თავში. ხმა ამოფოფხდა ყელში, დაჭრილი ჯარისკაცივით. 
- წავედი! 

გავედი ქუჩაში. შემხვდა პატარა ეშმაკი, საცოდავი თვალებით შემომხედა და გამიღიმა. დაბალი იყო და წითელი.

- მეცოდებიო. - მითხრა.
- მეც-თქო. - ვუპასუხე და გზა განვაგრძე.

ის გაიქცა, ქალს დაეჯახა და წააქცია.
ქალს მივუახლოვდი. უგონოდ ეგდო. 
მანქანებმა გამინათეს ტვინი, წამოვხტი და გავვარდი.
ამედევნენ ლურჯ ტანსაცმლიანები. 
ხმა გაიძულებს გაიქცე. გიყურებენ, მოგდევენ, გეძახიან, გესვრიან... 
ტყვიებისგან წარმოქმნილი ნიავი თმას გიჩეჩეჩავს.
დევნა შეწყვიტეს. მივიხედე. ქალი ფეხზე იდგა და ჩემზე იცინოდა, რომ მე გავურბოდი კანონს...


უამრავი აზრი დავფქვი თავში...
ნუთუ ჩემი თავი წისქვილია?
არა. როდის იყო წისქვილს თმები ჰქონდა?!
თან ჩემი აზრებიც არაა მსგავსი ფქვილის.
ჩემი აზრები გახელებაა, სურვილი წასვლის, პროტესტი...
უამრავი კითხვა მაქვს.
საკუთარი პერსონა არ მომწონს. 
ხანდახან კი ძალიან მიყვარს.
მე ყოველთვის ყველა მიყვარდა.
მარტოსული ვარ. ვეძებ ადამიანებს.
თუმცა მათ ჩემი არ ესმით.
მომწონს სიბნელე, მაგრამ ვისწრაფვი სინათლისაკენ...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 366 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]