მთავარი » 2011 » ივნისი » 26 » ნიკო გომელაური...ულამაზრსი ლექსები, ნაწილი 2.
3:40 PM
ნიკო გომელაური...ულამაზრსი ლექსები, ნაწილი 2.



არათავმდაბლური ლექსი

მე შენ მოგიძღვენი ნაზი აკორდები,
გაჩუქე სიტყვები და არა ვარდები...
როგორ ვიფიქრებდი ასე აგორდები?
როგორ ვიფიქრებდი ასე ავარდები?

ცხოვრება -ჩოგბურთი. გავცვითე კორტები.
თვალები დავხუჭე, გავხსენი კარტები...
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მშორდები?!
მე ხომ მოგატყუე, რატომ არ მწარდები?!

ჩემი სიცოცხლეა ყვითელი ფოთლები,
თოვლი და ტალახი, შავ-თეთრი კადრები...
მე ჩავიფერფლები, მე ჩავიბოთლები...
მე შენ არ გჭირდები, მე არ გეკადრები.

თუმცა, თუ ასეთი ლექსი ჩაბარდება,
ვინ არ აგორდება? ვინ არ ავარდება?


. . .

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი


. . .

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...


. . .

ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...
. . .

ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება...

მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა...


. . .

აღარ გვჯერა სასწაულის
(ამიტომაც გაჭირდა),
არც მომავლის, არც წარსულის...
ადრე, მსგავსი არ გვჭირდა.

დავიპყარით უკვე მთვარე
-განა კვლავ ქალწულია!..
ჩემთვის კი, რომ შემიყვარე,
ესეც სასწაულია...


. . .

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...

. . .

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...


. . .

1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა.
მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული.
მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება
მარტო მომიწევს ახლა სიარული.

2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია.
მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით.
ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია.
ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით.

3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად
ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს.
ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად.
მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს.

4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი?
მე მეცინება-სხვას როგორ მადრი.
სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი
- მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი.
. . .

დაუქოქავი საათი
ვითხოვ ღირსეულ წრეს.
დროსთან გავმართე კამათი,
დრო არ ჩერდება, წვეთს...

წლები წინდაწინ იწევენ,
ითხოვენ თავის წილს.
ანგარიშს არც კი მიწევენ.
ცოტა არ იყოს მწყინს.

წვეთენ წამები, წუთები.
დრო სისხლს და სახსრებს მწოვს.
დროს ხომ ვერ გაებუტები?
-ხათრი არა აქვს დროს...

. . .

მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა ,
რა მემართება? რა მემართება?
ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება,
რა მემართება? რა მემართება?
გული თავისით არ იმართება,
რა მემართება? რა მემართება?
სული დამისხამს, ტვინი დათვრება,
რა მემართება? რა მემართება?
რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა,
რა მემართება? რა მემართება?
უსახურობა სახეს მართმევდა,
რა მემართება? რა მემართება?
ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა,
რა მემართება? რა მემართება?
ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა,
რა მემართება? რა მემართება?

,,რა მემართება? რა მემართება?''
- მაინც თავისით წარიმართება . . .

. . .

...რა უცნაური დადგა დროება
აცდენილია ხმა და ტკივილი
გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება
დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი...


. . .

რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!..
დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში.
გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,,
რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში.


. . .

ქალის არ მესმის
(ვბორგავ და ვხვნეში)...
რამდენი გესლი
მქონია ნეკნში...


. . .

ოპტიმისტური ლექსი

კვლავ ცივი დეკემბერია,
კვლავ გაიხადა ტყემ,
კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია,
მაგრამ... იმატა დღემ.

ისევ მაკივლებს შაკიკი,
ისევ წამერთვა ხმა,
ისევ არა მაქვს კაპიკი,
მაგრამ... არ მცვივა თმა.

თუმცა მებმევა ენა,
თუმცა მაკლია თვალს,
თუმცა არა მაქვს სმენა...
მაინც მოვწონვარ ქალს.

თუმცა მარტო ვარ მუდამ და
თუმცა დავუთმე მტერს,
თუმცა ცრემლები მგუდავდა,
ლექსი ხო მაინც მწერს.

ირგვლივ იმდენი ყალბია
და ჩემთან ერთად სვამს.
ირგვლივ გვამები დარბიან
სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ,
გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ.
-ყოველთვის არის , გახსოვდეთ,
,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
1998


. . .

როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . . .


. . .

მოიწყინა ქვეყანამ,
უკვე კარგა ხანია .
სიმართლის მთქმელს ვერ ნახავ,
ვეღარც კარგი ბანია .

ვეღარ გაგვირჩევია
უცნობი და ნაცნობი . . .
მომავალი ჩვენია
- მომავალი ღვარცოფი . . .

მომავალი მეხია ,
მომავალი გვალვაა !
მუმლი გადაგვეხვია
წინ ჩირგვებში მალვაა . . .

ჭკუა აღმართს ვერა ხნავს ,
ბრბოს მაგივრად მრცხვენია . . .
და ამ ჩემს კარგ ქვეყანას
მაზედ მოუწყენია . . .

. . .

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.


მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1374 | დაამატა: 27_MoPaRuLi_KoCnA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]