მიტევების დღე - 7 მარტში 2011 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2011 » მარტი » 7 » მიტევების დღე
9:09 AM
მიტევების დღე


მიტევების დღე




სადაც შერიგებაა, იქ სიყვარულია
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი!


დღევანდელი დღე ერთადერთია წელიწადში, რომელსაც შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე ეწოდება. ეს არის დღე, როცა ადამიანმა უნდა დაძლიოს თავისი თავი, თავისი ამპარტავნება, საკუთარი „მე", მივიდეს ადამიანთან, რომელთანაც უბრად არის და ყოველი დანაშაული და ცოდვა, რომელიც მისგან ახსოვს, შეუნდოს.

რა არის ის ძალა, რომელიც შენდობის უნარს გვაძლევს? ეს არის ძალა ღვთისა, სულიწმიდა, მადლი სულისა წმიდისა. შენდობის უნარი ნიშანია იმისა, რომ უფალი ჩვენთანაა და ჩვენ უფალთან ვართ, და რომ ადამიანის გული ტაძარია სულისა წმიდისა. ვინც არ არის ტაძარი სულისა წმიდისა, ის ვერც შენდობასა და შერიგებას შეძლებს, რადგან ბოროტი სული, რომლის ტაძრადაც ქცეულა, შერიგების ნებას არ მისცემს სადაც შერიგებაა, იქ ხომ სიყვარულია, ხოლო სადაც სიყვარულია, იქ უფალია.

სვიმეონ მიმრქმელზე სახარებაში ვკითხულობთ, რომ სულიწმიდა იყო მასზედა, რომელმაც იგი ტაძარში სწორედ იმ დროს მიიყვანა, როცა იქ ღვთისმშობელი დედა და მართალი იოსები ყრმა იესოსთან ერთად შევიდნენ. მაგრამ არა მხოლოდ სვიმეონ მიმრქმელის, არამედ ყოველი ადამიანის მამოძრავებელი და მაცხოვნებელი ძალა სულიწმიდაა. ყოველი კეთილი საქმე, რომელსაც კი ადამიანი აკეთებს, სინამდვილეში სულიწმიდის მადლით კეთდება, ერთხელ ერთ წმინდანს ჰკითხეს, როცა ის წინასწარმეტყველებდა, კარნახობდა თუ არა ვინმე რა უნდა ეთქვა. მას უპასუხა, რომ უბრალოდ იგი ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სულიწმიდა მისთვის შეუცნობლად და უხილავად კარნახობდა, რა უნდა ეთქვა. ჩვენი მიზანიც ესაა, გავხდეთ ტაძარი სულისა წმიდისა, ტაძარი სიკეთისა, მშვიდობისა და სიყვარულისა. ანუ ჩვენ არა სხვისი, არამედ საკუთარი ცოდვები უნდა განვიკითხოთ და გამოსწორებაც არა სხვისგან, არამედ საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ძველ ბერძნებს ჰქონდათ გამოთქმა: შეიცან თავი შენი, რაც ყველა ადამიანის და განსაკუთრებით, ბრძენის მიზანია,

ერთ-ერთი ფილოსოფოსის თქმით, ნამდვილი ფილოსოფოსი ისაა, ვინც თავისი უკანასკნელი დღის, გარდაცვალებისთვის, ემზადება.

ჩვენც უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური ცხოვრება წარმავალი და დროებითია და რომ ამ ქვეყნად არა საკუთარი ნებით, არამედ ღვთის ნებითა და განგებით მოვედით. ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს. ბედნიერია ის, ვინც გაიგებს, სად არის მისი ადგილი და იცის, რა უნდა აკეთოს იმისათვის, რომ თვითონაც მივიდეს უფალთან და მისი ახლობლებიც მიიყვანოს. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და დანიშნულება.

მინდა ერთი ასეთი მაგალითი მოგიყვანოთ: 9(22) თებერვალს არის ხსენება მოწამისა ნიკიფორესი, რომლის ცხოვრებაც მრავლისმეტყველია ჩვენთვის, წმ. ნიკიფორე მე-3 საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა ანტიოქიაში, მას ჰყავდა მოძღვარი, რომელიც ძალიან უყვარდა, მაგრამ სამწუხაროდ გაანაწყენა. ნიკიფორემ რამდენჯერმე სთხოვა პატიება, მაგრამ მოძღვარმა არ შეუნდო. ამ დროს რომის იმპერიაში ქრისტიანების დევნა დაიწყო, რომლის დროსაც ნიკიფორეს მოძღვარიც შეიპყრეს და საწამებლად წაიყვანეს. ნიკიფორე თან გაჰყვა, დაუჩოქა და სთხოვა, რომ რადგან იგი რამდენიმე წუთში მოწამის გვირგვინს მიიღებდა და წმინდანი გახდებოდა, ამატომ ღვთის გულისათვის შეენდო მისთვის ცოდვა, რომელიც მის წინაშე ჩაიდინა. მოძღვარმა ამჯერადაც უარით უპასუხა. მაშინ სულიწმიდამ დატოვა იგი და ნიკიფორეზე გადავიდა. სულიწმიდისაგან მიტოვებულმა მოძღვარმა სიკვდილის შიშს ვერ გაუძლო და ქრისტე უარყო. ნიკიფორე ევედრებოდა დაეძლია შიში და ჭეშმარიტებისათვის არ ეღალატა, მაგრამ ამაოდ. მაშინ ნიკიფორემ საჯაროდ განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო. იგი იქვე შეიპყრეს და აწამეს. ასე რომ, ნიკიფორე ღვთის სათნო მოწამე გახდა და მარადიული სასუფეველი დაიმკვიდრა.

აი, რას ნიშნავს მიტევება და შენდობა და რა ძალა აქვს მას. დღეს ჩვენ უფალი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთის ცოდვების შენდობითა და პატიებით ჩვენი გული და გონება, ჩვენი სულიერი სამყარო განვიწმინდოთ. მართალია, ძალიან ძნელია, როცა ადამიანს სიკეთით და სიყვარულით ეპყრობი და ის ბოროტებით გპასუხობს, მაგრამ თუ სულის განწმენდა გვსურს, შენდობა მაინც უნდა შეგვეძლოს.

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ქართველი, მკვიდრი საქართველოისა თუ უცხოეთში მცხოვრები, გახდეს ტაძარი სულისა წმიდისა და მისი მადლი მიიღოს, რომელიც ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს და უფალთან მიიყვანს.

დღეს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს. უპირველეს ყოვლისა, ეს მე, თქვენს სულიერ მამასა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მევალება. ვიხედები ჩემს გულში და ვხედავ, ბევრი რამ, რაც უნდა გამეკეთებინა, ვერ გავაკეთე. ამიტომ ჩვენს მღვდელმთავრებს, მოძღვრებსა და მორწმუნეებს, მთელ საქართველოს გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის და ცოდვები ჩემი შემინდოთ, ღმერთმა შეგინდოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ყოველ ქართველს ცოდვანი თქვენნი, ამინ.

მიტევების დღე, სიონი, 9 მარტი, 1997 წ.

                               
მიმაგრება:
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 481 | დაამატა: SPIRITI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]