მე რა ვიცოდე - 17 მარტში 2010 - Sikvaruli.uCoz.NeT - სიყვარული
მთავარი » 2010 » მარტი » 17 » მე რა ვიცოდე
9:36 PM
მე რა ვიცოდე
მე რა ვიცოდე, მუხრანის ბოლოს 
რად დააფეთა მიმინომ გნოლი. 
ეს თურმე მისი მიმინო იყო. 
თვითონაც იქვე მელოდა თრთოლვით. 
მე რა ვიცოდი, თურმე მის ბაგეს 
ისევ ახსოვდა ძველი ამბორი. 
მე რა ვიცოდი, თურმე მის გულში 
ისევ ღვიოდა ტრფობის ხანძარი. 
მე რა ვიცოდი, მე თვალდავსილმა, 
ჯეჯილს თუ მისი აკრთობდა სუნთქვა 
და მზეც თუ მის მწველ ვნებებს მაფრქვევდა. 
არ დაიშალა ჩემთან შეხვედრა, 
ან როდის იყო რჩევის გამგონე, 
და აჰა იგი მუხრანის ბოლოს 
ჩასაფრებული სინჯავს იარაღს. 
ჩემს დანახვაზე წამოიმართა 
და ხმალმა ქვაზე გაიჟღრიალა. 
მის დანახვაზე გამიწყრა ღმერთი 
და წავბარბაცდი, ესეც ბედია. 
მალვით გავხედე მეუღლეს ჩემსას, 
წარბშეურხელი იდგა ბერდია. 
ორი მახვილი მზეზე ბრწყინავდა 
და ჩემი გული ორად გაიპო. 
ვუმზერდი იმათ ანთებულ თვალებს 
და ვგრძნობდი შველა არსაით იყო. 
ისე გავხევდი ჩემი მანდილით. 
ვერ შევაჩერე მამრთა ჭიდილი. 
პირქვე ჩავემხე ხოდაბუნებში 
და შევღაღადე უფალს ქვითინით: 
"მაღალო ღმერთო! მე შეგთხოვ მონა, 
შენი მხევალი და ფერხთა მტვერი, 
ან დაიფარე სიცოცხლე მათი, 
ან გადმიქციე სიზმრად ყოველი." 
არ შეისმინა ჩემი ვედრება. 
ვინ, ვინ მისწვდება განგებას ღვთისას?! 
აქეთ ბერდია იწვა მდუმარედ, 
იქით ყივჩაღი პოტნიდა მიწას. 
და დავიტირე მოთქმით ორივე: 
ჩემი ბერდია და იგი მოყმე. 
გულს გავიტარე მერე მახვილი 
და იმათ შორის დავეცი უხმოდ. 
ცა გადაფითრდა ჩვენი შემყურე, 
მზე დაიღვენთა, როგორც სანთელი. 
აქ დავუტოვე ჩემი სიცოცხლე 
და ჩემი ცოდვა უკანასკნელი...


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 306 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]