მთავარი » 2010 » იანვარი » 3 » ჯერ კიდევ ძილში ჩამესმოდა წვიმის ხმა.
1:39 PM
ჯერ კიდევ ძილში ჩამესმოდა წვიმის ხმა.

ჯერ კიდევ ძილში ჩამესმოდა წვიმის ხმა. შორი, თანაბარი შრიალი საოცრად მამშვიდებდა. თითქოს ეს ბგერები, ეს რადიოტალღები ყოველთვის ჩემთან ერთად არსებობდა და ფეხი აეწყო ჩემი ბიორიტმისთვის. ის გრძნობა, რასაც წვეთების ხმა მანიჭებდა, ნირვანასთან ახლოს იდგა - მაგრამ მე ხომ წარმოდგენაც არა მაქვს, რას ნიშნავს ნირვანა, ჯერ არასოდეს განმიცდია ეს განზომილება. მივხვდი, ეს იყო წვიმის განზომილება და არ მინდოდა, გამღვიძებოდა. მხოლოდ ის მსურდა, დაუსრულებლად ეწვიმა, მე კი ვწოლილიყავი ძილ-ბურანში მყოფი და ამ ხმისთვის მესმინა - ამ დროს თან არაფერზე მეფიქრა და თანაც ფიქრის ჰარმონია მეგრძნო წვიმასთან.
ვიწექი თვალდახუჭული, მაგრამ უკვე აღარ მეძინა. არ მეთმობოდა მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. წუთები, რომლებსაც ასე მწოლიარე ვატარებდი, ჩემს ქვიშის საათში იფერფლებოდა... იქნებ იმიტომ არ მინდა თვალების გახელა, რომ მეშინია იმის დანახვის, რომ ჩემს გვერდით არავინ წევს - ადგილი ცარიელია. მარტო გაღვიძების ფობია მქონია - ნეტავ უკვე აღმოჩენილია ასეთი ფობია ფსიქოლოგების მიერ თუ მე მხვდა წილად ამის პატივი? თვალები მაინც არ გამიხელია - ახლა გუშინდელ სიზმრებზე დავიწყე ფიქრი, მაგრამ სიცარიელეს წავაწყდი. ამან ამაწრიალა - ნუთუ სიზმრებს აღარ ვხედავ თუ საკუთარი გონება მეთამაშება? იქნებ მას ჩემი შეცდენა სურს, უნდა, ჭკუიდან გადამიყვანოს, სწორედ იმ ჭკუიდან, რომელიც, როგორც ბებიაჩემი ამბობს, არა მაქვს. გონებას ვძაბავ და ვცდილობ გავიხსენო თუნდაც ერთი ფრაგმენტი იმ სიზმრისა, რომლის არსებობაც ჯერ-ჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იქნებ საერთოდ დავკარგე სიზმრების პროდუცირების უნარი? ასეთი რამ არასდროს გამიგია. ჩემი ზოგიერთი მეგობარი საერთოდ არ ხედავს სიზმრებს და მიმტკიცებენ, რომ არც არასდროს უნახავთ, მაგრამ ასეთი შემთხვევა - სიზმრების უეცარი შეწყვეტა მგონი არც ყოფილა ბუნებაში. მთელი ამ აბსურდული ფიქრისგან მხოლოდ ორი რამ დავასკვენი - მარტო გაღვიძების ფობია მქონია და სიზმრებს აღარ ვხედავ... ფსიქოლოგები მათ შორის აუცილებლად რაიმე საერთოს იპოვნიდნენ - ალბათ იტყოდნენ, რომ ყველაფერი ჩემი არაცნობიერის მიზეზით ხდება და რომ სწორედ ის და სხვა არაფერია დამნაშავე ამაში. ჰოდა, მეც წარმოვიდგინე ჩემი პატივცემული "არაცნობიერი" და ძალიან მარტივად დავაჭირე თითი მასზე მდებარე ღილაკს "წაშლა" - ამ დროს უეცრად წვიმაც შეწყდა და თვალებდაჭყეტილი წამოვჯექი საწოლში


                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ჩანახატები | ნანახია: 1228 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]