მთავარი » 2010 » იანვარი » 19 » დაბრუნება
7:18 PM
დაბრუნება


ჩვენი ლამაზი ქალაქის ერთ-ერთი მშვენიერი ქუჩიდან ჩამოვდიოდი ანერვიულებული . . . წვიმა ცრიდა, მივდიოდი წინ, ვიცოდი საითაც უნდა წავსულიყავი. წინ ლამაზად განათებული მეტეხის ტაძარი მოჩანდა. ხიდზე გადავედი, კლდეს ვათვალიერებდი, რის ზემოთაც ტაძარი იყო. ქვაფენილს ავუყევი და ბოლოს ჭიშკარში შევაბიჯე. კიბეები ავიარე და ტაძრის კარი შევაღე, აქა-იქ ორიოდე სანთელი ენთო, ისინი ერთმანეთის მოშორებით იყვნენ და თითქოს ერთმანეთთან მისვლას ლამობდნენ. მე ამ ლამაზი სანახაობისას `წუნა და წრუწუნას~ ამბავი გამახსენდა, როცა მტკვარზე `წრუწუნას~ სანთლები მოეჩვენება და მტკვარში ჩახტომას განიზრახავს . . . მეც ორი სანთელი დავანთე და თან გვერდიგვერდ . . . ხატებს ვემთხვიე, პირჯვარი გადავიწერე და გარეთ გამოვედი. ჩავუყევი ბილიკს, მტკვარს გადავხედე და მოაჯირზე შემოვჯექი. მე `წრუწუნა~ კვლავ გამახსენდა, როცა მას თავისი ძმაკაცი ეუბნება _ `ნიახური კი არა ხარ, ამ ქვეყნად მეორედ მოხვიდეო~ ეს რატომ გავიფიქრე?! იმიტომ რომ ჩემგან ძლიერ ახლოს იყო სიხარულიც და ასევე სიკვდილიც . . . წვიმა ისევ ცრიდა, თხლად მეცვა და მციოდა, წელზე ხელი შემოვიხვიე და მკლავებს ჩავეხუტე, თავი კი მუხლებში ჩავრგე . . . და მაშინ ვიგრძენი პირველად, რომ თურმე ვტიროდი . . . უცებ წვიმის წვეთივით მომწყდა ცრემლი და სადღაც უფსკრულში გაქრა . . .

***

ალბათ ერთი საათი, თუ უფრო მეტი, ან ნაკლები, არ ვიცი, მაგრამ დიდი ხანი ვიჯექი მარტო . . . შემდეგ კი მეტეხის ჭიშკარს მანქანა მოადგა. მე, ცრემლიანმა, გავხედე და ვიგრძენი, რომ ის უკვე აქ იყო, ჩემთან . . . მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ასე ყოფილიყო, მაგრამ მეშინოდა, მეშინოდა მასთან შეხვედრისა ერთი წლის განშორების შემდეგ . . . მეშინოდა იმის უფრო, თუ რა მიზეზი იყო ჩვენი დაშორების და ასევე იმის, თუ რატომ გამირბოდა ამ დროის მანძილზე. ხოლო ახლა დაბრუნდა და არ ვიცოდი, თუ რა უნდოდა ჩემგან . . .

***

მანქანამ ჭიშკარი გამოიარა. შემოდგომის ბოლო იყო. ეტყობოდა მანქანიდანვე შეამჩნია ჩემი სიცივე, როგორც ადრე და ყოველთვის . . . მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა. შემომხედა. Eტყობოდა, უნდოდა მე მივსულიყავი და არა ის ჩემთან, მაგრამ მე ვერ ვინძრეოდი. მან თავი დახარა. ძველებურად კლასიკურ ფორმაში იყო გამოწყობილი. ეტყობოდა, დაღლილი იყო, ალბათ სამსახურიდან მოდიოდა . . . ქურთუკი გაიხადა, ეს სწორედ ის იყო, რომელზედაც ერთხელ, ადრე, როცა ერთად ვიყავით, ძალიან ბევრი მაცინა, მაცინა იმაზე, თუ როგორ იყო ბუხართან წამოწოლილი ამ ქურთუკში ჩაძირული და როგორ ეძინა გემრიელად . . .
ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა, მე კი ძველი დრო გამახსენდა, თუ როგორ მომწონდა იგი, როცა ეწეოდა, ისიც გამახსენდა ერთხელ განსხვავებული ასანთი რომ ვაჩუქე მანქანაში . . . ასანთის ნამწვავი გადააგდო და ეკლესიას შეხედა, მაშინვე გადააგდო სიგარეტი, მარჯვენა ხელში მოთავსებული ქურთუკი მარცხენაში გადაიტანა და პირჯვარი გადაიწერა. ამ დროს მე გამახსენდა, როგორ დავდიოდით ერთად ჩვენს საყვარელ ტაძარში და როგორ წყნარად ვანთებდით, ნაჩხუბრებიც კი ჩვენი იდუმალი ოცნებებით სანთლებს! . . .
მან ხელმეორედ მოუკიდა სიგარეტს და ჩემკენ სვლა დაიწყო . . . თუმცა უკან მიბრუნდა და მანქანის კარი შეამოწმა, ხელში გასაღები დაატრიალა და მე კვლავ ძველი დრო გამახსენდა . . . მისი ღიმილი, აღფრთოვანებული შავი თვალები და ის იდუმალი გამომეტყველება რომლითაც მიმზერდა ხოლმე . . .
მოდიოდა, ხუთი ნაბიჯი თუ აშორებდა ჩემგან, მე კი მასთან შეხვედრის პირველი პაემანი გამახსენა, სადღაც უაზრო ადგილას, მაგრამ მაშინ ხომ ჩემთვის მხოლოდ ის იყო და არა ის ადგილი! სწორედ პირველი პაემანი გამახსენდა რატომღაც, მაგრამ ის დასამახსოვრებელი იყო . . ჩემდა გასაოცად ის ძალიან უშუალო იყო ჩემდამი იმ დღეს, მე შებოჭილი და შეშინებული ვიდექი მის წინ, და ალბათ ეს ყველაფერი თვალებში მეტყობოდა . . . ცდილობდა, ჩემი ასეთი მდგომარეობა გამოესწორებინა და გავეთავისუფლებინე გაუცხოებისგან, გამოუვიდა კიდეც . . . ერთ დღეს ჩვენ ორი პაემანი გვქონდა . . . თუმცა ბოლოს ვიჩხუბეთ უაზროდ, როგორც შემდეგ ყოველთვის და ასევე მალე შევრიგდით . . .  
ოთხი ნაბიჯი აშორებდა ჩემგან, მე კი ვუყურებდი და ჩვენი სეირნობა ღამით, ლამპიონების შუქის ქვეშ რუსთაველზე გამახსენდა, გამახსენდა როგორ შემომხვია მხრებზე ხელი და გულში როგორ ჩამიკრა…. . . .…როგორ მინდოდა რომ არავის და არაფერს დავეშორებინეთ, მაგრამ ორივეს სხვადასხვა გზა გვქონდა, თუმცა ის ყოველთვის ცდილობდა, რაც შეიძლებოდა დრო გაეწელა . . . მახსენდებოდა, რა სითბოთი და სიხარულით მეხვეოდა და აღტაცებით მიყვებოდა თავის თავგადასავლებს . . . მე კი მოთმინებით და სიამოვნებით ვუსმენდი, თუმცა ბოლოს სიმყუდროვეს ვარღვევდი და შინ წასვლას ვითხოვდი, ერთ-ორს შემეწინააღმდეგებოდა, მაგრამ შევეცოდებოდი და შინ მიმაცილებდა . . .…
სამი ნაბიჯი და მე ჩვენი ხუმრობები, სიცილი, ხალისი გამახსენდა……. . . .…
ორი ნაბიჯი და მე მისი სიყვარულით სავსე თვალები გამახსენდა, როცა სიყვარული ამიხსნა უცნაურად . . . ის დღე მთლიანად აღმიდგა, თვალწინ გადამეშალა ყოველი წუთი, წამი . . . განსაკუთრებით კი ის მომენტი როცა გულში ჩამიკრა და მკითხა, მიყვარდა თუ არა, მე პასუხი არ გავეცი, ვდუმდი, ის კი იმეორებდა და დაჟინებით ითხოვდა პასუხს, მე თავს ვარიდებდი, ბოლოს კი კითხვა შევუბრუნე და ` - შენ?~ მან ჩამომხედა, მე ხომ მის მკლავებში ვიყავი, ავხედე, თვალებში ჩამხედა და აშკარა სიყვარული ამოვიკითხე, უცებ სხვა მხარეს უნდა მიმეხედა როცა მითხრა : ` - მეზიზღები რომ გითხრა, დამიჯერებ?~ ` - მითხარი!~ (ჩამეღიმა) ` - მეზიზღები! შენ?~ ` - მეც მეზიზღები!~ ეს ვთქვი თუ არა მაკოცა . . .
ერთი ნაბიჯი და მე მისგან გულისტკენა გამახსენდა, მისი ბოლო გულსაკლავი სიტყვები, - მე შენ მიყვარხარ, გენდობი, პატივს გცემ, მაგრამ, ჩვენ უნდა დავშორდეთ! მიზეზი კი ასეთი სიტყვების მერეც აღარ ახსნა და დამტოვა . . .
მოაჯირთან როცა მოვიდა, თვალებში ჩავხედე, მაშინ ის შეხვედრა გამახსენდა, დაშორების მერე სადღაც რომ გადამეყარა და გამარჯობის გარეშე რომ ჩავუარე . . . ჩვენს ყოველ შეხვედრას ერთნაირი სახე ქონდა, გარდა ერთისა, როცა ერთ-ერთ რესტორანში გოგოსთან ერთად ვნახე და გამარჯობა მე ვუთხარი, ის კი დაიბნა . . . მაშინაც ასეთივე თვალები ჰქონდა, როგორც ახლა, ასეთივე წყლიანი და სინანულით სავსე თვალები . . .
ახლა თვითონაც მიყურებდა და თვალებით რაღაცას მთხოვდა. მაშინ კი ის გამახსენდა, როგორ მინდოდა ამ ერთი წლის მანძილზე დამევიწყებინა, სხვაზე გამეცვალა და თან ეს არასდროს გამომდიოდა.
სიგარეტი მტკვარში ჩააგდო, მეტეხს შეხედა და პირჯვარი კვლავ გადაიწერა. მე კი გამახსენდა სვეტიცხოველი. Gამახსენდა, როგორ მთხოვდა სვეტიცხოველში შევსულიყავი, მე კი იმ დღეს არ შემეძლო ჩემდა საუბედუროდ . . .
შემობრუნდა, ოდნავ დაიხარა და ლოყაზე მაკოცა, მე გამახსენდა ის პირველი კოცნა . . . ლოყაზე და ტუჩებზე . . . ის მაშინ ნასვამი იყო . . . დღეს კი ფხიზელი და დაღლილი მკოცნიდა ლოყაზე, მან მხოლოდ ერთხელ მაკოცა, მე დავფრთხი. შევხედე გაკვირვებულმა, თითქოს მასაც უკვირდა თავისი საქციელი, თვალი თვალში გავუყარე . . . ქურთუკი მომახვია. თითქოს ჩახუტება და ასე ყოფნა უნდოდა უსასრულოდ, რათა ჩემი ტკივილის საფასური გადაეხადა . . . მიყურა ცოტახანს, ეტყობოდა, რომ რაღაც სურდა მაგრამ ვერ ამბობდა. სიგარეტის სუნი ვიგრძენი, იგი ძლიერ ახლოს იყო უკვე ჩემთან, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მეღონა . . .
ფეხები შემოვატრიალე, მაგრამ მოაჯირზე ვიჯექი ისევ, ქურთუკში ორივე ხელი გავყავი, მან კვლავ შემომხედა ცრემლიანი მწველი თვალებით, ხელი სველ თმებში შემიცურა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ მითხრა, მე ცრემლი მოვწმინდე, მან თავისკენ მიმწია . . . მე თვალები დავხუჭე . . . წარმოვიდგინე რომ ერთი წელი არ ყოფილა და ის საშინელი დაშორების წუთები. ჩემს თავს კიდევ ერთხელ მივეცი იმედი, რომ ის დამიბრუნდებოდა. თვალდახუჭულს ჩემი ფიქრები მინდოდა რეალობად გადამექცია, მაგრამ უცებ ნაცნობმა ხმამ, რომელიც დიდი ხანი არ გამეგონა, დამირღვია ფიქრები . . .
_ მაპატიე! . . .
თვალები გავახილე, ის უკვე ძლიერ ახლოს იყო, უფრო ახლოს, ვიდრე ორიოდე წამის წინ, მის სუნთქვას ჩემი გულის ფეთქვასავით ვგრძნობდი, მის გულის ცემასაც ვგრძნობდი, ის ჩემს გულზე სწრაფად ფეთქავდა . . .
მან ძლივს რაღაც თქვა, მე მის ლოყაზე კვლავ ცრემლი დავინახე, ჩამეღიმა, რადგან მეც ვტიროდი და მივხვდი, რომ ის უკვე ჩემი იყო და მე სამუდამოდ მისი . . .
_ მაპატიე! . . .
გაიმეორა მან . . . მომეხვია, მომეფერა . . . სხვა მეტი რა მინდოდა დასარწმუნებლად, რომ იგი მიბრუნდებოდა?! . . . რატომღაც წამითაც არ გამიფიქრია, რომ ის ისევ მიმატოვებდა და უარეს ტანჯვას მომაყენებდა . . . მე დარწმუნებული ვიყავი რომ დამიბრუნდა . . . ჩემმა გულმა ვეღარ გაუძლო ასეთ სანახაობას და ქვითინი ამივარდა . . . მან ამომხედა:
_ გეყო, ნუღარ ტირი, შენთან ვარ და აღარასდროს მიგატოვებ, შენს სიცოცხლეს ვფიცავ!
გაოგნებული ვუყურებდი, რადგან მან პირველად დაიფიცა . . . თვალებში მიყურებდა, თითქოს ჩემგანაც რაღაცას მოელოდა. თვალებმა კი უთხრეს, დაინახა თვალებში ნათლად ყველაფერი, იგრძნო . . . ხელები მოვხვიე, პირველად, გულში ჩავიკარი . . . ამომხედა . . . თვალები დამიკოცნა . . . ყელი . . . ლოყა . . . ისევ შემომხედა და ტუჩებზეც მეამბორა . . .
გამომეღვიძა . . .
გვერდით დავხედე საყვარელ პიროვნებას, რომელსაც ღრმად ეძინა და ჩემი შეშფოთების არა გაუგია . . . თმებზე მოვეფერე, წამოვდექი, ბავშვს დავხედე, მასაც მშვიდად ეძინა, მაგრამ მისმა წოლამ სიცილი მომგვარა, დავბრუნდი ლოგინში . . .
-     ბავშვმა გაიღვიძა?! (მომმართა მეუღლემ)
-     არა, სიხარულო, სიზმარმა გამომაღვიძა . . .
-     რა ნახე ასეთი?!
-     არაფერი მნიშვნელოვანი . . . უბრალოდ წვიმიანი დღის მეტეხის ტაძარი მესიზმრა . . .
-     შენ კიდევ არ დაგვიწყებია ეგ დღე?
-     ალბათ არასდროს დამავიწყდება . . .

                               
მიმაგრება:
კატეგორია: სასიყვარულო ისტორიები | ნანახია: 1235 | დაამატა: PaWuKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 belusi   (2010-01-20 0:26 AM) [Entry]
;-(

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]